შალვა
ახალციხელი
,, ...თავის თავს არა სჯავრობდა,
თავის სწორებსა სჩიოდა,
ორასი თურქის მომკვლელი
უომრობასა სჩიოდა. . .
ჯერ კიდევ არაქრისტიანულ ხანაში კავკასიის ძირში,
შავი და კასპიის ზღვებს შორის ქართული მოდგმის ტომებმა შექმნეს სივრცით პატარა სახელმწიფო,
ძლიერი ნებისყოფით და მდიდარი ნიჭით, რომელსაც უწოდეს საქართველო. ჩვენი წინაპრები
ოდითგანვე ხმალამოღებულნი იცავდნენ სამშობლოს, ამიტომაც მოვაღწიეთ დღემდე, თორემ ისტორიის
არენიდან ჩვენზე დიდი ქვეყნები და მრავალრიცხოვანი ერები გამქრალან. მტერი კი უთვალავი
გვყავდა ყოველთვის. ისინი მოდიოდნენ ჩრდილოეთიდან,
სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან. გვებრძოდნენ ხილულად, უხილავად, ხმლით, კალმით. და ჩვენც
ვიბრძოდით თავდაუზოგავად, გამეტებით. შედეგად ჩვენ ვართ ერი, შეგვრჩა ენა, ტერიტორია-გაგლეჯილ-გამოგლეჯილი,
შეგვრჩა მიწა-წყალი და სიმდიდრე, ხელოვნება, ლიტერატურა, რწმენა და რაც მთავარია სურვილი
მეცნიერებისა და სწავლისა.
საქართველოს ისტორია მდიდარია სახელოვანი გმირებითა და ვაჟკაცებით. ძველი დროის
ერთ-ერთ საუკეთესო გმირად და სახელოვან ვაჟკაცად მე მიმაჩნია შალვა თორელ-ახალციხელი.
რომელმაც უანგაროდ გასწირა თავი ქვეყნის გადასარჩენად.
საქართველოს ძლიერების ხანაში, თამარის მეფობისას ვის გაუკვირდებოდა გმირობა და თავდადება,
მაგრამ ქართულმა მიწამ მაინც შვა სწორუპოვარი მეომარი, რომლის სიმამაცის ამბავი იმდროინდელ
აზიასა და აღმოსავლეთში იყო ცნობილი. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ჩემი თემა
მივუძღვენი შალვა ახალციხელს.
XII საუკუნეში მთელი მაჰმადიანური სამყარი შიშით ადევნებდა
თვალს საქართველოს გაძლიერებას, რამეთუ ეს ძლიერება მათი დასუსტების საწინდარი იქნებოდა.
თამარს ,,ოქროს საუკუნე” მარტოს არ შეუქმნია, უამრავი ქართველი იბრძოდა ღირსეული სიკვდილისათვის,
ფეხი ცურავდა სისხლით აზელილ მიწაზე, მკლავი იქანცებოდა, მუხლი იკვეთებოდა, მაჯა დუნდებოდა,
გული ძრწუნდებოდა, მაგრამ მაინც იბრძოდნენ მამულის დასაცავად და გასაძლიერებლად...
ქართული მატიანე სავსეა მათი სახელებით. შალვა თორელი-ახალციხელი ერთ-ერთი მათგანია.
,,არა ყოფილა კაცთა შორის მისებრ ჭაბუკი და მეომარი”,- ასე ახასიათებს ლაშა-გიორგის
დროინდელი მემატიანე სახელგანთქმულ სარდალს, რომელიც თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ბრძოლის
მონაწილე იყო თამარის მეფობაში და ბრძოლის ველიდან ყოველთვის სახელიანი ბრუნდებოდა.
შალვა
ახალციხელი იყო თამარ მეფის ვაზირი 1 (ჯერ
მეჭურჭლეთუხუცესი2, შემდეგ-მანდატურთუხუცესი3),
_______________________________________________________________________
1.ვაზირი (არაბ., ვაზირუნ — ვეზირი, მინისტრი), მინისტრებისა და დიდმოხელეთა ტიტული მრავალ მუსლიმანურ სახელმწიფოში. ვეზირის სახელო პირველად გვხვდება სასანიანთა სპარსეთის სახელმწიფო წყობილებაში, საიდანაც იგი გადაიღეს აბასიანთა დინასტიის არაბმა ხალიფებმა. ფეოდალურ საქართველოში ვეზირი ხელმძღვანელობდა ცენტრალური სახელმწიფოს მმართველობის ერთ-ერთ უწყებას (სამხედრო, საპოლიციო, საფინანსო-სამეურნეო და სხვა).
2. მეჭურჭლეთუხუცესი, გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს ერთ-ერთი ვეზირი — სახელმწიფო ხაზინის მთავარი გამგე, მეჭურჭლეთა უფროსი. ტერმინი „მეჭურჭლეთუხუცესი“ ქართულ საისტორიო წყაროებში XII საუკუნიდან გვხვდება,
მეჭურჭლეთუხუცესი განაგებდა საჭურჭლეს, რომელშიც ფული და სანიადაგოდ სახმარი და სახარჯი ქონება ინახებოდა. მას ჰყავდა თავისი ნაცვალი ანუ მოადგილე. მეჭურჭლეთუხუცეს ემორჩილებოდნენ საჭურჭლის მუქიბი და მუშრიბი. როგორც ფინანსთა მინისტრს, მეჭურჭლეთუხუცესს საჭურჭლისა და მისი მოხელეების გარდა ექვემდებარებოდნენ აგრეთვე „ძველი ქალაქნი, ვაჭარნი, სავაჭრო“ და „ქალაქის ამირანი“.მეჭურჭლეთუხუცესი დიდი და საპატიო ვეზირი იყო და სახელმწიფო საქმეების გადაწყვეტაში აქტიურად მონაწილეობდა. იგი მსახურთუხუცესთან ერთად ვეზირთა მეორე ჯგუფში შედიოდა. მეჭურჭლეთუხუცესს თავისი სამოხელეო ბეჭედი ეძლეოდა.
3.მანდატური (ლათ. mandaturus),
ხელჯოხიანი, საპოლიციო-ადმინისტრაციული აპარატის დაბალი მოხელე ფეოდალურ საქართველოში. ტერმინი „მანდატური“ ქართულ ისტორიულ წყაროებში XI საუკუნიდან გვხვდება. ხელმწიფის კარის გარიგების მიხედვით, „მანდატური სამასი სახლი არის ამიერ და იმიერ... სამნი აზნაური არიან... და სხვაჲ ყველა გლეხია“. მანდატურები მანდატურთუხუცესს ექვემდებარებოდნენ. მათ ევალებოდათ სავაზირო შენობის დაცვა სხდომების დროს, საპატიო მგზავრის გაყოლა, სამეფო ზვრების სამუშაოთა ხელმძღვანელობა და სხვა. მანდატური თავის სამოხელო ნიშანს — არგანს ატარებდა. გვიანდელ ფეოდალურ პერიოდში მანდატურის მნიშვნელობით იხმარებოდა ტერმინები ბოქაული და იასაული.
ერისთავთერისთავი4, ჯავახეთის მონაპირე5. შალვას ბედმა არგუნა
სამი მეფის კარზე (თამარი, ლაშა-გიორგი, რუსუდანი) ემოღვაწევა და მიუხედავად სასახლის
კარზე არსებული ინტრიგებისა, ღირსეულად ებრძოლა სამშობლოს დასაცავად და გასაძლიერებლად.
პირველად იგი 1195 წელს შამქორის ომში ჩანს. სულთანი აბუბექრი საქართველოს ყმადნაფიც
ქვეყანას- შირვანს შეესია. შირვანის შაჰი თამარს ენათესავებიდა და დახმარება სთხოვა
საქართველოს მეფეს. შეკრიბა თამარმა ქართული ჯარი და დავით სოსლანი უსარდლაბრძოლა
მოხდა 26 ივნისს 1195 წელს შამქორთან. ამ ომში ყველა გააოცა შალვას სიმამაცემ. ელვასავით
ტრიალებდა მტერთა შუა ახალციხელი, ვისაც მოუქნია ხმალი, ყველას სიკვდილი შეჰყარა. თავზეხელარებული
იერიშით გაარღვია აბუბექრის ამალა, ყველაზე მჭიდროდ შეკრული ჯგუფისკენ გაემართა ფიცხლად,
იქ, სადაც ფრიალებდა აუარება დროშა და მათ შორის ყველაზე მაღლა, გამორჩეულად ლივლივებდა
ხალიფას ალამი. დაერია მედროშეებს ახალციხელი, უმეტესობა დაასიკვდილა, ალმები თავზე
გადააფხრიწა, იმარჯვა და ხელში ჩაიგდო ხალიფას
აქამდე ძლევამოსილებით განთქმული დროშა!.
4.ერისთავთ-ერისთავი — დიდ ფეოდალ მფლობელ-მოხელეთა ტიტული, ერისთავების უფროსი, დიდი ერისთავი. ქართულ წყაროებში ხშირად მკვეთრად არ არის გამიჯნული „ერისთავისაგან“ ნაწარმოებ სხვა ტერმინთაგან (ერისმთავარი, ერისთავთერისთავთა უფალი და სხვა); ზოგჯერ ერისთავთერისთავის მნიშვნელობით გვხვდება „ერისთავი“, ზოგჯერ ერისთავთერისთავს „მეფე“, „ხელმწიფე“, „მთავარი“ ეწოდება.
5.მონაპირე, საქართველოს ფეოდალური მონარქიის საზღვრისპირა ოლქის (სანაპიროს) გამგებელი ფეოდალი (ერისთავი ან ერისთავთერისთავი) XII საუკუნისა და XIII საუკუნის I მესამედში. სანაპიროები შეიქმნა აღმოსავლეთ საქართველოს თურქ-სელჩუკთაგან განთავისუფლების შემდეგ დავით აღმაშენებლის დროს. მაშინ მონაპირე მეფის მოხელე იყო, მის სრულ მორჩილებაში მყოფი ვასალი. მომდევნო ხანაში იყო თანდათან სანაპიროს მემკვიდრე პატრონად („მემამულე“) იქცა, ვალდებული იყო თვალყური ედევნებინა მოსაზღვრე ქვეყნებისათვის და დაეცვა საზღვარი მტრის მოულოდნელი შემოსევებისაგან. იგი სამხედრო დავით ოპერაციებს დამოუკიდებლად აწარმოებდა, შეტევითს კი - მხოლოდ მეფის განკარგულებით. მონაპირე გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობდა, მონაპირის მოვალეობა კარგადაა ნაჩვენები ვეფხისტყაოსანში. ავთანდილს, როგორც მონაპირეს, ევალება: დაიცვას საზღვარი, ებრძოლოს მეფის ურჩ მეზებლებს, დროდადრო მეფეს ეახლოს, ძღვენი მიართვას და ანგარიში ჩააბაროს. მონაპირეთა ინსტიტუტი გაუქმდა მონღოლების ბატონობის დაწყებისთანავე.
იმწამსვე გასაქცევად აიშალა აბუბექრის ჯარი. შალვა ახალციხელმა
ფერხთით დაუფინა ღვთაებრივ თამარ მეფეს ხალიფას საბრძოლო დროშა. მეფეთ - მეფემ ღირსეულად
შეაფასა თავგანწირვა გმირისა და მას მანდატურთუხუცესობა
უბოძა. მეფემ ხალიფას დროშა ხახულის ღვთისმშობლის ხატს შესწირა.
1202 წელს გამართულ ბასიანის ომში შალვა ახალციხელმა დაჩრდილა ,,ყველა იმღევანდელი
გმირი თავისი საკვირველი სიმამაცითა და საზრიანობით”.
ამქვეყნად მარადიული არაფერია.
თამარ მეფის გარდაცვალებასთან ერთად დასრულდა საქართველოს ოქროს ხანა. ხანა შენების,
აღმავლობის, გაძლიერების, გაფართოების. XII საუკუნე ადგილს უთმობს XIII საუკუნეს. მშფოთვარეს,
შემზარავს, სისხლიან-ქარიშხლიანს. ენით აუწერელი ვაება და გლოვა ელოდა ქვეყნიერებას.
ცენტრალურ აზიის სტეპებში დაბადებული წარღვნა უკვე ფეხს იდგამდა და სადაცაა წალეკავდა
მთასა და ბარს, სოფელსა და ქალაქს, სასახლეებსა და ქოხებს, მდიდრებს და ღარიბებს, მაჰმადიანსა
თუ ქრისტიანს, სულიერსა თუ უსულოს. ველური ყიჟინითა და ფლოქვების თქარათქურით მოდიოდა
XIII საუკუნე, მონღოლთა საუკუნე. გამარჯვებები ბანგივით ადუნებდა ქართველთა
გონებას. მათ უძლეველებად მიაჩნდათ თავი და ვერავინ ხვდებოდა, რომ კარზე იყო მომდგარი
დასაწყისი დასასრულისა. საქართველოს ოქროს ხანა დღეებს ითვლიდა. ჯარის მთავარსარდალი
ივანე ათაბაგი იყო. (თამარ მეფემ გარდაცვალებამდე უბოძა მას ეს თანამდებობა, სავარაუდოდ ადრინდელ ბრძოლებში გამოჩენილი თავდადების გამო,
თორემ იმ დროისთვის უკვე ასაკოვანი იყო ივანე, ხოლო მანდატურთუხუცეს შალვას სახელი ზენიტში იყო, იგი
უცვლელად რჩებოდა პირველ გმირად ბრძოლის ველზე).
შალვამ
თავი თამარის მემკვიდრის ლაშა-გიორგის მეფობის დროსაც
გამოიჩინა, იგი მალე ლაშა-გიორგის მარჯვენა ხელი გახდა. მისი ხელმძღვანელობით ილაშქრეს
ქართველებმა ხლათში, კარნუ-ქალაქში, კერჩოლში. თუ ლაშას მატიანეს დავუჯერებთ შალვას
დიდი წვლილი იყო იმაში, რომ ,,მოაქცია ისინი ქართულ სამფლობელოთა სამანებში”. მთელ
ქვეყანას მოეფინა შალვა თორელის დიდება, მასზე თხზავდნენ ლექსებს და არაკებს. მალე
ყველაფერი აირია, ჯერ მონღოლები გამოჩნდნენ
საქართველოში და მერე მათგან დევნილი და დაჭრილი ვეფხვივით გაშმაგებული ჯალალედინი.
მაგრამ მაინც პირველი რღვევის საფრთხე რუსუდან მეფის გამეფებისას შეეპარა ნიკოფსიიდან დარუბამდის
გადაჭიმულ ივერიას. მოუხშირდა მარცხიანი ბრძოლები ივანე ათაბაგს, შალვას ხელახალი ბრძოლები
სჭირდებოდა ივანეს გაფუჭებული საქმეების გამოსასწორებლად. 1125 წელს ქართულმა მხედრობამ მძიმე მარცხი განიცადა
გარნისის ომში. 1125 წლის აგვისტო. ერთმანეთის პირისპირ დადგნენ 200 000 მუსლიმი და
60 000 ქართველი. რუსუდან მეფემ დროშა გადასცა მთავარსარდალ ივანე ათაბაგს, მას კი
უკვე სიბერე შედგომოდა, იღბალმაც გასწირა. ეჭვი და შური უღრრნიდა გულს, სატანა ჩასახლებოდა
ბებერ სულში. ხვდებოდა, დიახაც, ხვდებოდა, რომ შორს გადაესწრო მისთვის მამაცთა შორის
უმამაცესს-შალვა ახალციხელს. კოსტანტინე გამსახურდია6 მართალი იყო როდესაც წერდა:
,,ჩვენში მოღალატენი სჭარბობენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი თავის, ხალხის
მოღალატენი. როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინ ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს
მას”
---------------------------------------------
6. კოსტანტინე გამსახურდია- ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე XX ს. ნაწარმოები ,,დიდოსტატის მარჯვენა”
ქართველი მუდამ ქართველით მარცხდებოდა, ციხე მუდამ
შიგნიდან ტყდებოდა. შურის ჭია ამირსპასალარ
ივანე მხარგრძელს შეუჩნდა და მოსვენება დააკარგვინა ,,ჰოი, შურო, ყოველთა ბოროტთა დასაბამო”-წერს
ჟამთააარმწერელი.
ბრძოლის თანმიმდევრობას ასე არწერს ჟამთააღმწერელი:7 ,,გააწყო
ივანე ათაბაგმა სპანი მეფისანი, იმერნი და ამერნი, და აჩინა წინამრბოლად თორელნი და
ძმანიცა იგი ორნი ახალციხელნი, შალვა და ივანე.
ვითარ დაეახლეს წინამბრძოლნი და სულთანი, აქა დაიპყრა ფერხი ივანე ათაბაგმან. იტყვიან,
ვითარმედ შურითა ყო ახალციხელთა... ხოლო მათ მოუვლინეს კაცნი და რქუეს: ,,დაახლოვებულ
ვართ სულთანსა და სპითა მისითა, და ჩუენ დიდიად უმცირეს ვართ, და ომი ძლიერი წინ გვიძევს.
მალე წამოვიდნენ მეფის მხნე ჯარები” ესე ორგზის და სამგზის მოუვლინეს, ხოლო იგი არარასა
მიუგებდა... და ძლიერად მბრძოლიბდეს შალვა და ივანე, ახოვანთა და ძლიერთა სრვიდეს,
და განგრძელდა ომი სასტიკი, ხოლო ივანე ათაბაგი და სპანი ქართველთანი ხედვიდეს ძლიერთა
ომსა და არა შეიწყალებდეს თანამონატესავეთა და ერთრჯულთა, არამედ დგეს შორით, და არა
ინება შუელა ივანე ათაბაგმან, რომელთა შურითა
იტყვიან და ამას ყოფად და არა თუ შიშითა”.სარდალმა 56 ათასი საომრად აღჭურვილი ქართველი
მეომარი შემოაბრუნა და ბინჯისისკენ დაიხია... დარჩა მარტო 4000 მეომრით შალვა აურაცხელი
მტრის წინააღმდეგ,
თხელდებოდა ზღვარგადასული თავგანწირვით მებრძოლ
თორელთა რიგები.
----------------------------------------------------
7. ჟამთააღმწერელის თხზულებიდან ნაწყვეტი-ნ.ახმეტელის საქართველოს ისტორია” კლასი IX . გვერდი 160-161
ცხენები დაუხოცეს ორივე ძმას-შალვას და ივანეს.
ქვეითად იბრძოდნენ-იბრძოდნენ გავეშებით, სიკვდილთან გულგრილი წილყრით. ისევ არ ჩანდა
,,გულმხეც” მხარგრძელთაგან არც მშველელი ჯარი, არც-რა პასუხი, აღარც ახალციხელები ფიქრობდნენ
მასზე. ფიქრისთვის არც ეცალა საომარი ცეცხლით დამწვარ გონებას. ისინი მხოლოდ მტრის
ჩაბალახიან თავებს ხედავდნენ და გაშმაგებით სცემდნენ მახვილებს ,,იმ ჩაბალახებს”. სცემდნენ და ეცემოდნენ ჩაბალახიანი თავები, მაგრამ
ისევ ჩნდებოდა და ამოდიოდა უთვალავი, ვითარცა თავები ზღაპრულ დევთა თუ ურჩხულთა გადაკვეთილი
კისრებიდან. ბრძოლა შენივთდა. ხოლო ,,ვითარ
შენივთდა ძლიერად ომი, ხრმალნიცა ახალციხელთანი გატყდეს ჩაბალახსა ზედა” (ჟამთააღმწერელი)
და ახლა შუაგადამსხვრეული ხმლებით იბრძოდნენ ახალციხელები. ეცემოდნენ სისხლისაგან დაცლილნი უკანასკნელი თორელნი,
ჯავახელნი. ვინც გადარჩა მახლობელ კლდისკენ ილტვოდა თავშესაფარად. ივანე ახალციხელმა
ვერ გაუძლო შემზარავ სასაკლაოსთან რკენას და ისიც უკუიქცა გაქცეულთა კვალდაკვალ. უცებ,
უზარმაზარი ქვა-ლოდი დაეშვა კლდიდან, ელვასავით დაქანდა, დაეტაკა და გაიტანა ივანე
ახალციხელი . ასე დაასრულა სიცოცხლე საქართველოს ერთ ერთმა გმირმა საქართველოსმა, ხოლო
შალვა ისევ იბრძოდა, ვითარცა ჰერაკლე კენტავრებით გარშემორტყმული. ბოლოს ყოვლის მხრიდან
მიესივნენ მუსლიმთა გუნდები-მიესივნენ ,,სიმრავლითა ფრიადითა” მხოლოდ ხმლის ვადა შერჩენოდა
გმირს ხელში, მკერდი შეუნგრია უახლოეს თურქმანს,
ვადა შორს გასტყორცნა და სისხლამოხეთქილ მკერდზე მიაფრინდა დაცემულს, სისხლი პეშვით
აართვა და სახეზე შეიქცია უცებ, რათა მისი სახე გაფითრებული არა ენახა მტერს. ასე შეიპყრეს
ახალციხელი. მიიწურა ის ბოროტი დღე. გარნისის
ბრძოლა დასრულდა. ოთხიათასი ქართველი იწვა ბრძოლის ველზე უსულოდ, ივანე ათ აბაგი კი
ბინჯისს ჩაიკეტა ,,საიმედოდ”. .
ისტორიკოსი ვარდან არაველცი8 ქართველების მარცხს ღვთის წყრომად მიიჩნევს.
მის ,,მსოფლიო ისტორიაში” წერია ”...ივანეს ღვთის რისხვა მოევლინა. მის მიერ ჩადენილი
ახალი და გაუგონარი ბოროტების გამო: ერთი გარდაცვლილი მღვდელი, სახელად პარკეშტი, საფლავიდან
ამოათხრევინა, დააწვევინა და იმ ადგილზე ძაღლი დააკვლევინა, რომ დაეცინა მათთვის, ვინც
მის ნეშტთან ხშირად მიდიოდა პატივის მისაგებად” 9 ჩვენ არ ვიცით რა ეშმაკი შეუძვრა
ივანე ათაბაგის სულს, მაგრამ ფაქტია, მისი ,,ძალისხმევის” შედეგად მტერს დიდად არ გაჭირვებია
ქართველების დამარცხება გარისის ომში.
გარისის ომის გმირი ტყვედ ჩაიგდეს
და ჯალალედინს წარუდგინეს. აი აქ ეხვევა ბურუსში შალვას ცხოვრება, რადგან ვაწყდებით
წყაროსთან წინააღმდეგობას. ,,ქართლის ცხოვრება” ამტკიცებს, რომ ჯალალედინმა
შალვას რჯულის დატოვება მოსთხოვა, მაგრამ ქართველი სარდალი მტკიცედ იდგა უარზე, მაჰმადიანობის
მიღებას სიკვდილი მირჩევნიაო. თუ შალვამ მართლაც უარი თქვა გამაჰმადიანობაზე, მაშ სულთანმა
რატომ უბოძა მას პატივი და დიდება? იმავე წყაროში ვკითხულობთ: მან ბრძანა(შაჰმა): ,,პატივი მიეგოს და სამმართველოდ მიენიჭოს ქალაქი
ადარბადაგანი, სალმისი, ურმია და უშნუ”. თუ მაინც უბოძა, ერთი წლის შემდეგ რაღას ერჩოდა?
,,ხოლო შემდგომად წელიწადსა ერთისა მოიკლა
სულთნის მიერ არა დატევებისათვის სჯულისა”.10
8.ვარდან არაველცი-XIII საუკუნის სომეხი ისტორიკოსი.ავტორი ნაშრომისა ,,მსოფლიო ისტორია” -თარგმნა ე. კვაჭანტირაძემ. გამომცემლობა ,,არტანუჯი”
9. ნატა ახმეტელი, დავით ლორთქიფანიძე.IX კლასის სახელმძღვანელო. გვერდი-160-162
10. ნატა ახმეტელი, დავით ლორთქიფანიძე.IX კლასის სახელმძღვანელო. გვერდი-160-162
საერთოდ კი წარმოუდგენლად
მიმაჩნია ჯალალედინს ქრისტიანი შალვასთვის მიენიჭებია ამდენი ქალაქების მმართველობა.
შალვას თავგადასავალს უფრო ვრცლად აღწერენ
სპარსი ისტორიკოსები - ჯუვეინი 11 , რაშიდ-ად-დინი12 და ხვარაზმელი ისტორიკოსი ნესევი.13 მათი გადმოცემის თანახმად ჯალალედ დინს მისთვის მაჰმადიანობა
შეუთავაზებია, მას კი ენამოსწრებულად მოუსაწყლებია თავი ,,უღირსი ვარო”, თუმცა ბოლოს
იძულებული გამხდარა , გამაჰმადიანებულიყო. დარწმუნებული ვარ შალვა ამ საქციელს თავის გადასარჩენად
არ ჩაიდენდა, მას კვლავ დიდი გეგმები ჰქონდა საქართველოსთან დაკავშირებით და ეს თავისი
საქციელით დაამტკიცა კიდეც. ჯალალედინი საქართველოს დასაპყრობად სწორედ გამაჰმადიანებული ქართველების გამოყენებით
აპირებდა, ამიტომ დაარიგა მათზე ურიცხვი წყალობა და დიდება. როგორც ჩანს შალვა და სხვა
ქართველი დიდებულები ატყუებდნენ სულთანს. სპარსი ისტორიკოსი ჯუვეინი აღწერს შალვას
,,მზაკვრობის” ამბავს: ,,ისენი ატყუებდენ სულთანს, ყოველგვარ ვალდებულებას კისრულებდნენ
და ცრუ დაპირებებით აქეზებდნენ. უნდოდათ მუხანათობის თოკით სიკვდილის ჭაში ჩაეხჩოთ
ი 1225 წლის დეკემბერიში სულთანი უზარმაზარი
მხედრობით თავრიზიდან თბილისისკენ დაიძრა.
------------------------------------------------------------------------------------
11. ჯუვეინი-ალა ალ დინ ათა მალიქ იბნ მუჰამედ ჯუვეინი. ირანელი ისტორიკოსი, რომლ;ის ნაწარმოები ,,ქვეყნის დაპყრობის ისტორია” გამოუყენებია ჟამთააღმწერელს. XIII ს.
12.რაშიდ ად დინი- სპარსი ისტორიკოსი, ექიმი, სწავლული, მონღოლთა ვეზირი. ავტორი ,,ისტორიათა კრებულისა” XIII ს.
13. ნესევი–ჯალალედინის პირადი მდივანი, ისტორიკოსი.
,,სულთან ჯალალედინის ცხოვრების” ავტორი.
მდინარე არაქსთან მცირე ხნით კარვები დასცეს და აქ მოულოდნელი ამბავი გამჟღავნდა: შალვა ახალციხელი თურმე თბილისში წერილებს აგზავნიდა და თანამემამულეებს საქართველოში გალაშქრების გეგმებს ატყობინებდა. ეს წერილები ჯალალედინის მსტოვრებს ჩაეგდოთ ხელში და ახლა ახლა კარავში მიართვეს მბრძანებელს.
უსაზღვრო რისხვამ აიტანა შაჰი, შალვაც მაშინვე მიიყვანეს მისივე ბრძანებით. გულის სიღრმემდე შეარყია დიდი მამულიშვილი ამ სამწუხარო ამბავმა. ეს არ იყო წუხილი და შიში სიკვდილისა- ასეთ გრძნობას შალვა ახალციხელი არ იცნობდა. ის წუხდა და შიშობდა საქართველოს ბედზე, იმასე რომ ვერ ასწრებდა ჯეროვნად დახმარებოდა სამშობლოს. შალვას გონება საქართველოზე ფიქრს ჰქონდა დაპყრობილი, ამიტომ არც გაუგონია სასიკვდილო განაჩენი მბრძანებელისა. არც ის გაიკარა მისმა გონებამ, პატიებას, სიცოცხლეს და უმაღლეს წარჩინებას რომ სთავაზობდნენ მონანიების შემთხვევაში. მდინარის პირზე გაიყვანეს. ისევ მისცეს არჩევანი ან სიცოცხლე და აღზევება ან სიკვდილი დაუნდობელი. . .
და შეხვდა სიკვდილს სამშობლოზე ფიქრით აღვსებული გმირი. ჯალათმა ორივე ხელით მოიქნია მძიმე მახვილი. . . იდგა 1226 წელი...
არავინ იცის ვინ გაახსენდა სიკვდილი-სიცოცხლის გასაყარზე, არავინ იცის რა სიტყვა წარმოთქვა მან საბოლოოდ, არავინ იცის ვისზე დარდი ჩაიტანა მან სამარეში. ერთი კი ცხადი იყო, ჯალალედინის ურდოებს, რომლებიც თქარათქურით მირბოდნენ საქართველოსკენ, იქ, შორეულ საქართველოში ვერავინ დახვდებოდა ვაჟკაცი-მსგავსი შალვა ახალციხელისა. ასეც მოხდა თბილისის ციხე-ბურჯებთან ისე მოვიდა ჯალალ ად-დინი, ვერსად დაუდგა წინ ივანე ათაბაგი.
შემოესია ჯალალედინი თბილისს. რუსუდანმა ქალაქი დატოვა და ქუთაისში გაიხიზნა, თბილისი მემნა და ბოცო ბოცოსძეებს დაუტოვა.
ჯერ კიდევ ყველას პირზე ეკერა შალვა ახალციხელის გმირობა და მარტვილობა, როგორც მაგალითი ერისა და რჯულის მსახურებისა. მისი მაგალითით გამხნევებულები დაუდგნენ სისხლისმსმელ ჯალათს. ერთ დღეს 100 ათასი თბილისელი შეაკვდა მტერს თავისი ნებით, როცა არ ინებეს ღვთისმშობლის ხატის შეურაცყოფა და უარყოფა... 100 000 წმინდანი ერთ დღეს!.. ვის უნახავს... ვის მოსწრებია...
შალვა ახალციხელი გმირია თავისი სიცოცხლითაც და სიკვდილითაც! ჩემი აზრით ორივე საქციელი მისი გასამართლებელია. თუ მართლა უერთგულა ქრისტიანობას - ხომ მისასალმებელია, მაგრამ თუ იძულებით რჯული შეიცვალა- არც აქ გვაქვს უფლება განვსაჯოთ იგი, რადგანაც ეს ნაბიჯი ისევ საქართველოს სასიკეთოდ იქნებოდა გადადგმული. თავგანწირული გმირობა უფრო მოსავს წმინდანის შარავნდედით ჩემი თემის გმირს შალვა ახალციხელს ვიდრე რჯულის პასიური ერთგულება. ეკლესიამ წმინდანად შერაცხა შალვა, ხალხმა-გმირად, ამიტომაც შეუქმნა თავის გმირს გმირობის ჰიმნი ,,შავლეგო”,
შავლეგ შენი შავი ჩოხა, შავლეგო,
სისხლში გაგიხამებია, შავლეგო,
ყაწიმები გიხდებოდა, შავლეგო,
მტერთან ბრძოლა გიხდებოდა, შავლეგო,
მაშველი არ გჭირდებოდა, შავლეგო,
შავლეგ, შენი შავი ჩოხა, შავლეგო.
შალვა ახალციხელი იყო უდაოდ დიდი გმირი საქართველოს ისტორიაში, რომელიც თავისი სიცოცხლე შეგნებულად დადო ქვეყნის სამსხვერპლოზე.
ქართველი წმინდანის შალვა ახალციხელის ხსენების დღე ძველი სტილით-17 ივნისია, ხოლო ახალი სტილით 30 ივნისი.
გამოყენებული ლიტერატურა:
v ქართლის ცხოვრება II.
v ნ.ახმეტელი . დ.ლორთქიფანიძე-საქართველოს ისტორია.IX კლასი.
v ჯ.სამუშია ,,საქართველოს დიდი ბრძოლები” თბილისი.2009.
v თამაზ ნატროშვილი ,,მაშრიყით მაღრიბამდე”
v ნ.ახმეტელი . დ.ლორთქიფანიძე-საქართველოს ისტორია.X Iკლასი.
v ინტერნეტი.
Комментариев нет:
Отправить комментарий